ინტერაქტიული მულტიმედია
რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ ძეგლებს?
გთავაზობთ ტესტის პასუხებს იცნობთ თუ არა ბორჯომის კულტურულ ძეგლებს?

1. სად არის ქვები, რომელთაც დღემდე ეტყობა XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევის დროს ნაწამები ბერების სისხლის კვალი.



ბორჯომის ხეობაში, ულამაზეს ადგილას მდებარეობს ნაძვნარით გარშემორტყმული ჩითახევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრი, რომელსაც მწვანე მონასტერს უწოდებენ.

მონასტრიდან 500 მეტრის რადიუსში კელიების ნანგრევებია შემორჩენილი, რაც ცხადყოფს, რომ მონასტერში ბერები ცხოვრობდნენ. მონასტრის პირას ჩამოდის პატარა მდინარე, რომელსაც ადგილობრივები ჩითახევის ღელეს უწოდებენ. მდინარეში დღემდეა ქვები, რომელთაც წითელი, სისხლისფერი ლაქები ეტყობათ.

გადმოცემის თანახმად, მე–16 საუკუნეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შაჰ–თამაზის შემოსევების დროს ეს მონასტერი დაურბევიათ და აქ მცხოვრები ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. ის სისხლი, რომელიც მდინარე ჩითახევში ჩაყრილ ქვებზეა, მე–16 საუკუნეში დახოცილ ბერებს ეკუთვნით. სისხლიანი ქვები მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი მდინარის თითქმის მთელ სიგრძეზეა ჩაყოლებული.

2. რომელ ტაძარშია ფრესკა, რომელზეც სავარაუდოდ შოთა რუსთაველი და დედამისია გამოსახული?



ბორჯომის ხეობაში მდინარე ქვაბისხევის პირას, ზღვის დონიდან 980 მეტრზე მდებარეობს სოფელი ქვაბისხევი, სადაც დგას ერთ-ერთი უძველესი და საინტერესო ნაგებობა - წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია. ეკლესიაში დღემდეა შემორჩენილი კედლის მხატვრობა, რომელიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულება, რომელთაც ასომთავრულით აწერია: "შოთაი და იაი".
გადმოცემის მიხედვით, მამაკაცი შოთა რუსთაველია, ხოლო ქალი — დედამისი; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღიაო.

3. რომელი ტაძარია ფოტოზე გამოსახული ?



ფოტოზე გამოსახულია დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ბორჯომში, სოფელ დაბაში მდებარეობს. ის საქართველოში ერთ–ერთი უძველესი ტაძარია რომელიც დაბურულ ტყეშია და გზიდან არ მოჩანს. ტაძარს სანახევროდ გამოქვაბული ფარავს.
ეს ეკლესია XIV საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. აშენებულია მეფე გიორგი ბრწყინვალეს დროს, 1333 წელს, მეფის მოლარეთუხუცესის მიერ. დასავლეთის კარზე ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს: "ინდიქტიონისა მეფეთ–მეფე გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტისა, სიტყვისა ღვთისა ხორცშესხმის მიზეზით, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ–მეფის გიორგისა მე მოლარეთუხუცესმა".
ძალიან ლამაზია ტაძრის მრავალრიცხოვანი ჩუქურთმები. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. მას ორი – ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელი აქვს. პირველი სადაა, ხოლო მეორე, თავის სარკმელთან ერთად ორნამენტებითა და თაღოვანი ჩარჩოებითაა მორთული. არსებობს თქმულება, რომლის მიხედვითაც სალოცავისთვის კარი რამდენჯერმე შეუბამთ, მაგრამ უშედეგოდ – ის ყოველთვის ვარდებოდა.

4. ფოთოლეთის ტაძარი მდებარეობს :



ფოთოლეთის ეკლესია ბორჯომში, დაბა ახალდაბაში ფოთოლეთის ტყის ციცაბო ფერდობის გავაკებულ ადგილასაა აგებული. აქედანაა მისი სახელწოდებაც. ახალდაბის ცენტრიდან ის 5 კმ-ითაა დაშორებული, მანძილი მცირეა, ასვლა შესაძლებელია ფეხითაც. გარემო მართლაც საოცარია, მშვიდ, უღრან ტყეში, ფერდობის ბოლოს მოსწორებული ადგილი და იქედან გადაშლილი ხედი ახალდაბაზე და მის მთელ ხეობაზე. ულამაზესია შემოდგომით - წარმოიდგინეთ აჭრელებული ტყეები და ფოთოლცვენა.
ფოთოლეთის ეკლესიის ადგილას IX საუკუნის 40-იან წლებში კვირიკეწმიდის მონასტერი ყოფილა. ტაძარი წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეს ქრისტეფორეს აუგია. მტრის ხშირ შემოსევებს გაუნადგურებია ტაძარი და მონასტერი. მე-14 საუკუნიდან მონასტერს შეუწყვეტია ფუნქციონირება და გაუკაცრიელებულა.
2007 წელს მოხდა მისი განახლება. რესტავრაციის დროს მკვლევარები შეეცადნენ, ეკლესიისთვის მიეცათ პირვანდელი სახე. კვირიკეს იგივე ფოთოლეთის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად და მისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად, საჭირო გახდა არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.
გათხრების შედეგად აღმოაჩინეს საინტერესო ფაქტები. დიდი რაოდენობის ბერების ნაჭრილობები ძვლები, მიმოფანტული ტაძრის ეზოში. რაც მიგვანიშნებს, როგორი სისატიკით ესხმოდა თავს მტერი მონასტერს და ანადგურებდა გარშემო ყველაფერს.
გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს სამეურნეო, სამშენებლო და სამზარეულო კერამიკა, X საუკუნით დათარიღებული შესანიშნავი კანკელი, კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტი, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები. გათხრებისას იპოვეს აკლდამა, რომელსაც დუღაბზე ამოყვანილი ქვის კედლები აქვს. აკლდამის სახურავის ქვის ფილაზე შერეული, ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერებია. სხვადასხვა პერიოდის წარწერები ჯერჯერობით შესწავლის პროცესშია.

5. რომელ საუკუნეშია აგებული ქვაბისხევის წმ. მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია .



სოფელი ქვაბისხევი ბორჯომიდან 18 კმ-ში ზღვის დონიდან 980 მეტრზე მდებარეობს. სოფლის მახლობლად დგას VIII-IX საუკუნეების დარბაზული წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია, ესაა სამნავიანი ბაზილიკა რომელიც VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე აუგიათ.
ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ყოველი წლის 28 აგვისტოს, მართლმადიდებლები ტრადიციულად აქ მარიამობის აღსანიშნავად არა მარტო ბორჯომიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან.

6. სად მდებარეობს ბორჯომში XV საუკუნის ტაძარი, სადაც ტრადიციულად აღინიშნება გიორგობა?



სადგერი მდინარე ბორჯომულას მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1020 მეტრზე მდებარეობს. ბორჯომიდან სოფლის ცენტრამდე 7 კმ-ია. სოფელი ცნობილია წმ, გიორგის სახელობის ტაძრით, რომელიც XV საუკუნის ძეგლია. გადმოცემით ცნობილია, რომ ეს ტაძარი მეთხუთმეტე საუკუნეში ბორჯომის მფლობელებს, თავადებს, ძმებს პეტრე და გოგია ავალიშვილებს აუგიათ. ტაძარს დიდი გალავანი აქვს შემოვლებული, სადაც ტაძრის მახლობლად საცხოვრებელი კელიებიცაა განთავსებული. ამჯერად აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. ტაძარს მორწმუნე მრევლი წლის ნებისმიერ დროს სტუმრობს, მაგრამ განსაკუთრებით აქ გიორგობა ყოველი წლის 23 ნოემბერს აღინიშნება.

7. რომელი წმინდანის სახელობისაა მწვანე მონასტერი ?



მწვანე მონასტერი, ან როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი — წმ. გიორგის სახელობისაა. მკვლევარების აზრით, იგი IX საუკუნეში წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს, ქრისტეფორესა და თეოდორეს აუშენებიათ.
სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და სამრეკლო, რომელიც მონასტრის დაარსების თანადროულია და IX საუკუნის შუახანებით თარიღდება. ის ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით და დეკორი თითქმის არ გააჩნია. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს. აღმოსავლეთის ერთ-ერთ წახნაგზე, თაღის ქვემოთ, მოთავსებულია რელიეფი, რომელიც წმინდა გიორგის ვეშაპთან ბრძოლას გამოხატავს.

მწვანე მონასტერი ტაძრისათვის ხალხს შეურქმევია, რადგან ხეობაში არსებული ყველა ხე განსხვავებული მწვანე ფერისაა. ასევე ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებული, ყველა მწვანეა, ზოგი მუქი და ზოგი – ღია. როცა წვიმს და სველდება მონასტრის კედლები, უფრო მწვანდება და შერწყმულია გარემოსთან თავისი სიმწვანით.

საუკუნეების განმავლობაში ტაძარში ღვთისმსახურება აღარ სრულდებოდა. გასული საუკუნის 80–იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა. 2002 წელს კი, მამათა მონასტერი აღდგა.

8. ვის მიერ იქნა აგებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტიმოთესუბნის მონასტერი?



XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ბორჯომში მართლმადიდებლებთან ერთად თავისი მნიშვნელობით და სიდიადით ბევრ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტს იზიდავს. მაგრამ ბევრმა როდი იცის, რომ ტაძარი თორის მფლობელის - შალვა ახალციხელის მიერ იქნა აგებული.
შალვა ახალციხელი XII-XIII საუკუნეებში საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, თამარ მეფის ვეზირი იყო (ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდეგ – მანდატურთუხუცესი). მას ჰქონდა ერისთავთ-ერისთავის ტიტული, იყო თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების — ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი. ცნობილია, რომ მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში (1195) და ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში ხახულის ღვთისმშობელს შესწირა. ამ ომის მსვლელობას ეხება წარწერა, რომელშიც შალვა ახალციხელის შესახებ ვკითხულობთ:
"ძლიერი და უძლეველი ყოველთა მტერთაგან... რომელმან ძალითა ლომითისაითა და მკლავითა თვისითა შეაძრწუნა ყოველი სოფელი სპარსეთისაი"
მართლმადიდებელმა ეკლესიამ შალვა ახალციხელი წმინდანად შერაცხა, რომლის ხსენების დღე ძველი სტილით 17 ივნისს, ახალი სტილით კი 30 ივნისსს აღინიშნება.

9. რომელი ტაძარია აგებული გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, თეოდორეს მიერ?



გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, წმ. თეოდორე ნეძველს IX საუკუნის 50-იანი წლებში აუგია ნეძვის მონასტერი. ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია და წმ.გიორგის სახელობისაა. იგი დაბა ახალდაბასთან, ნეძვის ხეობაში მდებარეობს. აქ, სამეკლესიან ბაზილიკაში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს უმოღვაწიათ. გადმოცემის თანახმად აქ დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა სამონასტრო კომპლექსი, თუმცა მე-20 საუკუნემდე მხოლოდ ნანგრევები შემორჩა.

ამჯერად ტაძრის ნანგრევებთან არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
მკვლევარები ამბობენ, რომ არქეოლოგიური გათხრების შემდეგ, აქ შეიძლება ბევრი საინტერესო ისტორიული ფრაგმენტი აღმოჩნდეს, რადგან ძეგლი დიდ ისტორიას ინახავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.