ინტერაქტიული მულტიმედია
ბორჯომელი ბავშვები გასართობის გარეშე
ბორჯომელი და-ძმისთვის, 7 წლის გიორგისა და 10 წლის ნატალისთვის თბილისი არის არა დედაქალაქი, არამედ ცირკი, ატრაქციონები, ჯამბაზები, მაკდონალდსი.

ბავშვები ბორჯომში, სოფელ ჩითახევში ცხოვრობენ. სკოლაში ბორჯომში დადიან, ნატალი გაკვეთილების შემდეგ ცეკვაზე და თეატრალურ სტუდიაში მიდის. გიორგი ცეკვაზე დადის. შაბათს და კვირას თავისუფალი დრო ყოველთვის აქვთ, მაგრამ უქმე დღეებს და-ძმა ბორჯომში შინაარსიანად ვერ ატარებს.


გიორგი და ნატალი ბარდაძეები

„ბავშვები გართობას ბორჯომში მხოლოდ ზაფხულში ახერხებენ, ისიც ორი თვის განმავლობაში, მინდა შაბათ-კვირას სადმე წავიყვანო ხოლმე, მაგრამ, ბორჯომში წასასვლელი თითქმის არ არის, ამიტომ ხშირად მთელი ოჯახი თბილისში მივდივართ, ბოლოს დახლოებით ერთი თვის წინ ვიყავით, ერთი წასვლა მინიმუმ 200 ლარი გვიჯდება, ყველას ხომ არ აქვს საშუალება, რომ თბილისში ირბინოს“, - გვიყვება ნანიკო ხაჩიძე, გიორგის და ნატალის დედა.

ბორჯომში მხოლოდ ეზოებში დამონტაჟებულ სასრიალოებზე ერთობიან. გიორგი და ნატალი ზამთარში პარკშიც ვერ დადიან, რადგან ატრაქციონები არ მუშაობს. თბილისი მათთვის ერთი დიდი გასართობი ცენტრია, ცირკით, ზოოპარკით, საბავშვო სპექტაკლებით და ატრაქციონებით.


გიორგი და ნატალი ბარდაძეები

„ისთ ფოინთში მივდივართ ხოლმე, იქ ბევრი გასართობია, მოტოციკლზე ვჯდები, სასრიალო ვულკანზე ვეშვები, კიდე ცირკი მიყვარს ძალიან, ბევრი ცხოველია და ბევრს ვხალისობ“, - ბედნიერი სახით იხსენებს გიორგი თბილისურ ამბებს.

ძმები ჩუხრუკიძეები ოჯახს თბილისში ძირითადად დღესასწაულებზე მიჰყავს

„მაგალითად, ახალ წელს, ბავშვთა დღეს, ბავშვები გასართობ ცენტრებში წაყვანას მთხოვენ, მე ვცდილობ თეატრში, ცირკში, კინოში წავიყვანო. ბილეთის ფასი 10 ლარიდან იწყება, ოთხი ბავშვისთვის უკვე დიდი თანხა გამოდის. დაბადების დღეებზე ხაშურში მიმყავს, ხოლმე“ - გვიყვება ბიჭების დედა თეა მახარაშვილი.



ჩუხრუკიძეების ოჯახი

ბორჯომში გაცილებით მეტია ისეთი ოჯახი, რომელსაც ბავშვები ქალაქიდან დღესასწაულებზეც ვერ გაჰყავს. პატარების დასვენების პერიოდი ერთფეროვანია და მხოლოდ საკუთარი თავის, ან ერთმანეთის გართობაზეა მორგებული. მათთვის არც თეატრი, არც კინო, ატრაქციონები, ხატვის და ძერწვის კუთხე არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ ცირკსა თუ ცხოველების კუთხეზე.

უბნებში დამონტაჟებული საბავშვო მოედნები ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვების ჟრიამული ისმის. არსებობს თოჯინების თეატრი, თუმცა, იქ წელიწადში მხოლოდ ოთხი სპექტაკლი იდგმება. დადგმების სიმცირეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ფინანსური რესურსის ნაკლებობით ხსნის.



სპექტაკლი ბორჯომის თოჯინების თეატრში.  ფოტო გამოყენებულია თეატრის ფეისბუქ გვერდიდან

„თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად ოთხი წელია ვმუშაობ. მთელი გუნდი ვცდილობთ უფრო აქტიურები ვიყოთ, რეპერტუარი მრავალფეროვანი გვაქვს. მინდა ეს ტრადიცია დავნერგო და სპექტაკლები შაბათ-კვირას სისტემატიურად გვქონდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფინანსებამდე მივდივართ, დასწრების პრობლემაც არის, ვერ ვიტყვი, რომ ბილეთის სიძვირის გამო არ მოდიან, მიზერული თანხა, ორი ლარი ღირს ბილეთი. ალბათ, თუ იქნება სპექტაკლები, ნელ-ნელა ხალხიც მიეჩვევა.“ - შალვა გოგოლაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში თეატრში ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდა.

მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში და ცენტრალურ პარკში კინოთეატრის შენობებია. პირველი - ათწლეულებია აღარ მუშაობს. მეორეში მხოლოდ რამდენიმე სეზონის განმავლობაში უშვებდნენ ფილმებს, ისიც მხოლოდ ზაფხულში და ისიც სამი წლის წინ.

კინოთეატრთან ახლოს ატრაქციონებია. ბავშვების ხმაური არც იქ ისმის. პარკში დამონტაჟებული საქანელები მხოლოდ ზაფხულის საკურორტო სეზონზე მუშაობს. ივნისის თვეში ირთვება და სექტემბერში უკვე რამდენიმე მოძველებული ატრაქციონიც გამორთულია.


უმოქმედო ატრაქციონი ბორჯომის პარკში

საბავშვო გასართობმა ცენტრმა „ბეიბი ბუმი“ ბორჯომში მხოლოდ წელიწადი და სამი თვე იმუშავა. ცენტრის მფლობელს, თამარ ბარაბაძეს მისი დახურვა მალევე მოუხდა. მიზეზი მოთხოვნის ნაკლებობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებასაც ცდილობდნენ და ფასიც ხელმისაწვდომი იყო.

„მშობლები გაცილებით მეტს ითხოვდნენ, უნდოდათ ახალ-ახალი პროგრამები, მუდმივი სიახლეები. მალევე დავიხურეთ, თუმცა ამის პარალელურად ანალოგიური ცენტრი გავხსენით ახალციხეშიც. იქ დღემდე აქტიურად ვმუშაობთ, ბორჯომი პატარა ქალაქია, მოსახლეობაც ცოტაა. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.“

პატარა ქალაქი, მხოლოდ ზაფხულში ცოცხლდება. ბავშვებისთვისაც გასართობი საშუალებები მეტ-ნაკლებად ამ სეზონზეა მორგებული და ტურისტებზე გათვლილი. ადგილობრივები ზაფხულში სტუმრების ხარჯზე ერთობიან, სხვა დროს კი უქმეებს უქმად ატარებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.