ინტერაქტიული მულტიმედია
როგორ იმუშავა ბორჯომის მერმა ერთი წლის განმავლობაში
ლევან ლიპარტია, უკვე ერთი წელია რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია. ხალხის რჩეული ის 2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გახდა, რის შემდეგაც მერის სავარძელი მოირგო.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მისი მუშაობა ბორჯომში ადგილობრივებმა შეაფასეს. ტელეკომპანია „ბორჯომის“ გადამღებმა ჯგუფმა ქალაქის ყველა უბანში 40-მდე რესპონდენტი გამოკითხა, რომელთა უმრავლესობა ამბობს, რომ განხორციელდა ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი. მოსახლეობის უმეტესობა, ლიპარტიას მუშაობას დადებითად აფასებს.












საკუთარი მუშაობის, გამოწვევების, მიღწეული წარმატებების შეფასება და სამომავლო გეგმებზე საუბარი ვთხოვეთ მუნიციპალიტეტის მერსაც, თუმცა მოუცლელობის გამო, კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ლევან ლიპარტია, ტელეკომპანია „ბორჯომთან“ ინტერვიუების ჩაწერით ამ ერთი წლის განმავლობაში დიდად არ გამოირჩეოდა, სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე პასუხის გასაცემად, ხშირად თავის მოადგილესთან - ბუბა ბერიძესთან გადაგვამისამართებდა, რომელიც ყოველთვის ღია იყო მედიასთან. მას მხოლოდ რამდენჯერმე აქვს მიღებული მონაწილეობა გადაცემაში „ფორუმი“.







იმის გამო, რომ ეკრანზე ხშირად არ ჩნდებოდა, შესაბამისად არ მოიძებნება ტელეკომპანია „ბორჯომის“ არქივში ის დაპირებები, რომელსაც მოსახლეობისთვის გასცემდა.
მერად არჩევის შემდეგ, ეს იყო პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ტელეკომპანია „ბორჯომთან“, როდესაც ის მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ყველასთვის ხელმისავდომი მერი იქნებოდა.




ტელეკომპანია „ბორჯომის“ შემდეგ მედიასთან თანამშრომლობა შეაფასეს, სამცხე-ჯავახეთში მოქმედმა, ტელეკომპანიამ „მეცხრე არხი“ და საინფორმაციო სააგენტომ „სამხრეთის კარიბჭე“.

„რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის მერებიდან, ლევან ლიპარტია ყველაზე ნაკლებად კომუნიკაბელურია. არასდროს პასუხობს ტელეფონს და არასდროს ჩნდება ჟურნალისტებთან. უშუალოდ მისი ჩაწერა მაშინაც კი ვერ შევძელით, როცა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით მისი თანამშრომლები გაიფიცნენ, მერიის შენობა კი სამართალდამცველებითა და ჟურნალისტებით იყო სავსე. ლიპარტია მაშინ პრესასთან მხოლოდ მის მიერ საგანგებოდ მოწყობილ ბრიფინგზე გამოჩნდა. შესაბამისად, თითქმის არასდროს აქვს „სამხრეთის კარიბჭეს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე მისი მოსაზრება“ - აცხადებენ „სამხრეთის კარიბჭეში".

"მე-9 არხს" ლევან ლიპარტიასგან იშვიათად უწევდა ინტერვიუს აღება. ბორჯომის პირველ პირს დაგეგმილ ღონისძიებებზე ვხვდებოდით. მაგალითად, ოფიციალური შეხვედრა დელეგაციასთან, შენობის გახსნა, გამწვანების აქცია. ასეთ დროს ჩვეულებრივ გვაძლევდა ინტერვიუს. როცა სხვა საკითხებზე ოფიციალური დეტალები გვაინტერესებს, წერილობით გამოვითხოვთ ხოლმე, მაგალითად პრემიები, შრომის ანაზღაურება და ა.შ." - განაცხადეს ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხში“.

შეგახსენებთ, 2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს მერობის 6 კანდიდატი იყრიდა. პირველ ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს - ლევან ლიპარტიას 40.35%, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს - ზაზა ჩაჩანიძეს კი 40.15% ჰქონდა მიღებული. მათ შორის 24 ხმა იყო განსხვავება. ამის შემდეგ არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ლიპარტიამ ხმების 55,22 % მიიღო, ჩაჩანიძემ კი 44,78% დააგროვა,
ლევან ლიპარტია, 7615-მა ამომრჩეველმა ოთხი წლის ვადით აირჩია. მუნიციპალიტეტის მერს უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ამოეწურება, იქამდე კი როგორ იმუშავებს ხალხის რჩეული ხალხისთვის, მომდევნო სამი წელი გვიჩვენებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.