ბორჯომი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა კონკურსს მასპინძლობს
ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა II საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ გაიხსნა. მუსიკალური ნომრები ჟიურის წევრებმა ალექსანდრე კორსანტიამ, ალექსანდრე გინდინმა, თამარ ლიჩელმა და მეგი ჩიხრაძემ შეასრულეს.
როგორც კონკურსის დამაარსებელმა თამარ ლიჩელმა აღნიშნა, ”კონკურსის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება, ამიტომაა, რომ, 2015 წელს დაარსებული კონკურსი 2 წელიწადში საერთაშორისო გახდა. ინტერესი სულ უფრო იზრდება და უფრო მეტი ქვეყნის მონაწილეებიც ერთვებიან. რაც შეეხება ჟიურს, ისინი მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები არიან და მათი ბორჯომში ყოფნა კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის კონკურსს.”
კონკურსი წელს ფესტივალის სტატუსსაც ატარებს, კონკურსანტების მოსმენებთან ერთად გაიმართება ბექა გოჩიაშვილის, გიგი პიანომენისა და გამარჯვებული მონაწილეების კონცერტები. ღონისძიების საპრემიო ფონდი 15000 ლარია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესდა.
კონკურსზე ასევე გაიცემა ცნობილი მუსიკოსებისა და მუსიკალური ორგანიზაციების მიერ დაწესებული არაერთი ფულადი თუ სხვა სახის სპეციალური პრიზი.
კონკურსი ატარებს გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის (1927-2013) სახელს და მიზნად ისახავს კლასიკური მუსიკით ახალგაზრდების დაინტერესებას და მათი საშემსრულებლო დონის ამაღლებას.

Print