ახალი ამბები
გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი - ისევ დგება თუ არა პირბადეების დრო?
მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი - ვირუსით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებს ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული - H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს; ხოლო უკანა პლანზეა - COVID-19.

მაგრამ დეკემბრიდან მსოფლიოს ახალი თავსატეხი გაუჩინა ომიკრონის ახალმა ქვეშტამმა - JN.1, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, მათ შორის - აშშ-ში. ზოგიერთ შტატში, კლინიკებში, პირბადეების ტარების სავალდებულო წესიც დააბრუნეს.

გრიპის სეზონი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამჟამად გავრცელებული გრიპის ვირუსები - H1N1 და H1N2 - მომავალ კვირებში კიდევ უფრო აქტიურად გავრცელდება და, შესაბამისად, მეტი ყურადღება გვმართებს რისკჯგუფებში შემავალი პირების მიმართ.

ჩხაიძის ინფორმაციით, გაორმაგებულია გრიპის ვირუსის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევები და თუკი 49-ე კვირაში 16 % იყო, ორ კვრაში მაჩვენებელმა 27%-ს მიაღწია.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

38 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას, თავის, სახსრების, კუნთების ტკივილსა და საერთო სისუსტეს. ბავშვებში - მოთენთილობას, ხანგრძლივ ძილს და უარს საკვების მიღებაზე - ეს საქართველოში გავრცელებული ვირუსების მთავარი სიმპტომებია.

მკურნალობა სიმპტომურია - სასარგებლო რჩევები

საჭიროების შემთხვევაში სიცხის დამწევი პრეპარატებისა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება. განსაკუთრებული გაფრთხილებაა, გვახსოვდეს, რომ - ანტიბიოტიკი უძლურია გრიპის ვირუსთან და მათი ჩართვა, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შედეგად, ბაქტერიული გართულების შემთხვევაში ხდება.

კიდევ ერთი მთავარი რჩევა - სახლში დარჩენაა, რადგან ავადმყოფი ადამიანი, გარეთ გასვლით, საკუთარ მდგომარეობასაც ამძიმებს და სხვებსაც უქმნის საფრთხეს - ვირუსის გავრცელებით.


რაც შეეხება კოვიდს?

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ კოვიდი ბოლო კვირებში ნაკლებად აქტიურია და „სტატისტიკური მაჩვენებლები უმნიშვნელოა“.

ივანე ჩხაიძისთვის უცნობია, უკვე შემოსულია თუ არა საქართველოში - JN.1, რომელიც მსოფლიოში თანდათან სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.

ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით ვერც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მივიღეთ. მათთან ასევე ვერ დავადგინეთ - ხელმისაწვდომია თუ არა საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო განახლებული ვაქცინები. ამ საკითხებთან დაკავშირებით - ინფორმაცია არ არის განთავსებული ცენტრის ოფიციალურ ვებსაიტზე. არავინ გვიპასუხა ცხელ ხაზზე.

ახალი აფეთქება?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე ლაპარაკობს.

5 იანვარს, ფეისბუკით, მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოვიდის ახალმა ვარიანტმა უკვე „იფეთქა“. მისი თქმით, JN.1 ძირითადად ემუქრება ბავშვებსა და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს და მისგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს.

ფხაკაძემ 22 დეკემბერს გაიკეთა განახლებული ვაქცინა. ის ევროპაში ცხოვრობს.

„ძალიან მძიმე სიტუაციაა... საქართველოში ამ სიმწარეს იგრძნობენ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში“, - ფხაკაძის პროგნოზით, JN.1-ის სწრაფი გავრცელების გამო, საავადმყოფოების გადავსების საფრთხე საქართველოშიც არსებობს.

საფრთხეს ვერ ხედავენ საქართველოში

ივანე ჩხაიძე გვეუბნება, რომ აქვს ინფორმაცია - JN.1-ის სწრაფად გავრცელების შესახებ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ „მაჩვენებლები მაღალი არ არის“, საშიშად არ მიიჩნევა და არც განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.

„ომიკრონის ამ ვარიანტის დროს შეიძლება უფრო ხშირად იყოს კუჭნაწლავის ტრაქტის დაზიანება, ღებინება ან ნაწლავების გახშირებული მოქმედება, რაც არ ახასიათებს სხვა ვარიანტებს, მაგრამ, ჯამურად, ეს ვარიანტი არ განიხილება როგორც მძიმე მიმდინარეობის განმაპირობებელი“, - ეუბნება ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას.

რამდენად საშიშია JN.1?

JN.1 - SARS-CoV-2-ის ერთ-ერთია ვარიანტია, რომელიც COVID-19-ს იწვევს; COVID-19 კი, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, გართულებულ შემთხვევებში, ისევ იწვევს ადამიანების სიკვდილს.

JN.1 არის მუტაციის შედეგად წარმოშობილი მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთი, მაგრამ დეკემბრიდან უკვე აკვირვებს მსოფლიოს - გავრცელების სისწრაფით და არცთუ სახარბიელო პროგნოზები კეთდება.

დეკემბრის შუა რიცხვებში JN.1 უკვე აღირიცხებოდა ინდოეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. ქვეყნების რიცხვი თანდათან სულ უფრო იზრდება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, აშშ-ში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ვირუსის ამ ვარიანტის ფართოდ გავრცელებას ელოდებიან, მისთვის დამახასიათებელი სწრაფად გავრცელების უნარის გამო.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ აშშ-ს კოვიდის ახალმა ტალღამ შეუტია, მას შემდეგ, რაც JN.1 დომინანტ შტამად იქცა.

დეკემბრის დასაწყისის მონაცემებით, გავრცელების მაჩვენებელი 15-29%-ს შეადგენდა.

საჭიროა ვაქცინაცია მათთვის, ვისაც გასული წლის შემოდგომაზე არ გაუკეთებია ვაქცინა.

თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ვაქცინების ბოლო განახლებული ვარიანტი ამერიკელების 19%-ზე მეტს არ გაუკეთებია „ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვირუსი უფრო არ გაძლიერდეს და უფრო მოუხელთებელი არ გახდეს“, - ეუბნება „ვაშინგტონ პოსტს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის უფროსი მრჩეველი, ეპიდემიოლოგი.

CDC-ის ვებსაიტზე მითითებულია, რომ სასუნთქი გზების ინფექციებით, მათ შორის COVID-19-ით, მომავალ თვეებში მილიონობით ადამიანი დაავადდება და იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელი სიტუაციის დამძიმების საფუძველს წარმოადგენს.

აშშ-ში ერთ-ერთ დიდ გამოწვევად მიიჩნევა იზოლაციის წესის დარღვევა, როდესაც ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ გარეთ გადის და სხვა ადამიანებსაც აინფიცირებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში JN.1-ის შესახებ ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, „გლობალურ დონეზე დამატებითი რისკი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის შეფასებულია როგორც დაბალი“, თუმცა ტექსტში ასევე მითითებულია, რომ თავდაპირველად JN.1-ს თვალს ადევნებდნენ როგორც BA.2.86-ის ქვეშტამის ნაწილს, მაგრამ მუტაციის თავისებურებებისა და სწრაფი გავრცელების უნარის გათვალისწინებით, ის უკვე დასაკვირვებლადაც ცალკე გამოიყო.

„მაღალი“ - ასეა შეფასებული JN.1-ის გავრცელების რისკი, რადგან ის უკვე არაერთ ქვეყანაში დომინირებს.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.