საატესტატო გამოცდებზე 11 000-მდე მოსწავლე ჩაიჭრა - ალექსანდრე ჯეჯელავა
საატესტატო გამოცდების ზღვარი დაახლოებით, 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საატესტატო გამოცდების შედეგების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"დაახლოებით 11 000–მდე მოსწავლემ საატესტატო გამოცდებზე წელს ზღვარი ვერ გადალახა. მოსწავლეთა რაოდენობა 40–50 ათასამდე შუალედში იყო. ეს შედეგი არის დაახლოებით იგივე, რაც შარშან იყო. ბავშვებს ტექნიკური საგნები წელსაც უჭირთ", – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ზუსტ ციფრებსაც გაასაჯაროებენ.

შეგახსენებთ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები 19 ივნისს, მე–11 კლასის საატესტატო გამოცდებით გაგრძელდება.
Print