ეკონომიკა
არარსებულ ოპერაციებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ჯამურმა ღირებულებამ 3195740 ლარი შეადგენა


შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სასაქონლო ზედნადებების გამოწერის ფაქტებთან დაკავშირებით, შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი საწარმოს მიერ ტრანსპორტირებული საქონელის გადამოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რეგულარულად ხორციელდებოდა ერთგვაროვანი სახეობის გარკვეული რაოდენობის საქონელზე, სასაქონლო ზედნადებების გამოწერა. შესაბამისად, გამოიკვეთა პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, თუმცა, ფიზიკურმა პირმა უარყო სამეურნეო ოპერაციებში მხარედ მონაწილეობის ფაქტი. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული საწარმოს მიერ, მსგავსი სქემით, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, სხვა შემთხვევებშიც (1110 ფიზიკურ პირზე), რეგულარულად ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, სავარაუდოდ არარსებულ სამეურნეო ოპერაციებზე. სულ გამოწერილია 8865 ერთეული მიწოდების ოპერაციის ამსახველი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 3195740 ლარი შეადგენა. საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
Print