ახალი ამბები
ბორჯომის №4 საჯარო სკოლის ეზოს და საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ბორჯომში ახლადრეაბილიტირებული №4 საჯარო სკოლა გაიხსნა და წელს მოსწავლეები განახლებულ გარემოში მიიღო, თუმცა ჯერ-ჯერობით მოსაწესრიგებელია სკოლის ეზო და საფეხბურთო მოედანი.

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორმა იზოლდა ლომიძემ „კვირის ამბების“ ეთერში განაცხადა, რომ იგეგმება როგორც სკოლის ეზოს მოწყობა, ასევე საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია.

„დღეის მდგომარეობით მივიღეთ შესანიშნავი კომპლექსი, შესანიშნავი სკოლა. მინდა მოვულოცო არამხოლოდ ამ სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, არამედ მთელ დასახლებას და სრულიად ბორჯომს, რომ მივიღეთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლა. რაც შეეხება ეზოს და სპორტულ მოედანს. ჩემი ინფორმაციით, ტენდერი ეზოს მოსაწყობად გამოცხადდა და უახლოეს პერიოდში დაიწყება ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ისე რომ ხელი არ შეეშლება სასწავლო პროცესს. ხოლო რაც შეეხება ღია ტიპის სპორტულ მოედანს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დაგვპირდნენ, რომ ისინი განახორციელებენ ამ საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციას, რადგან აღნიშნული მოედნით არამარტო სკოლის მოსწავლეები, არამედ მთელი დასახლება სარგებლობს“ - განაცხადა იზოლდა ლომიძემ.

Print