ახალი ამბები
საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლება დაიწყება
ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან სკოლებში, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება.

„ჩინურ ენასთან დაკავშირებით, შარშან დაიწყო მუშაობა, შემუშავდა სტანდარტი. უკვე შემუშავებულია ასევე პროგრამა. როგორც იცით, პირველი კლასიდან უცხოურ ენად საჯარო სკოლებში დაშვებულია ინგლისური ენის სწავლება, ხოლო მეხუთე კლასიდან, ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, სკოლებმა სხვა ევროპულ ენებთან ერთად სურვილის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ“- აცხადებენ სამინისტროში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.
Print