ახალი ამბები
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.
მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სვიმონ მიმრქმელი ერთ-ერთი იყო, ვინც ძველი აღთქმა ებრაულიდან ბერძნულად თარგმნა. წინასწარმეტყველების თარგმნის დროს მას ეჭვი შეეპარა და ვერ დაიჯერა, რომ ქრისტეს ქალწული შობდა, ამიტომ უფლისგან აღთქმა მიიღო, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილავდა მაცხოვარს.



Print