ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი გედევან ფოფხაძეს პარტიიდან წასვლაზე სამ ვარიანტს სთავაზობს
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წევრ გედევან ფოფხაძეს შესთავაზა, რომ თუკი მას მმართველი გუნდიდან გარიცხვის ფორმით წასვლა სურს, გარიცხავენ. 6 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილმა ფოფხაძეს მიმართა, რომ თუკი “ქართული ოცნებიდან“ გასვლა უნდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით გავიდეს, თუკი გუნდში დარჩენა სურს - დარჩეს, ხოლო თუკი გარიცხვა უნდა - გარიცხავენ. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ფოფხაძეს შესთავაზა, რომ ამ სამ ვარიანტს შორის არჩევანი თავად გააკეთოს და გადაწყვეტილება მიიღოს.გედევან ფოფხაძემ აღნიშნულის დადასტურებისგან თავი შეიკავა და სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე დღეს არ ისაუბრებს.
გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენჯერმე გააკეთა. პირველად მაშინ, როცა პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძე აირჩია. გუნდის ეს გადაწყვეტილება ფოფხაძემ გააპროტესტა და გუნდს „ქართული ოცნებიდან“ გასვლით დაემუქრა. გუნდიდან შესაძლო გასვლის თაობაზე ფოფხაძემ მინიშნება მაშინაც გააკეთა, როცა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს. მაშინ გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნება“ კომპარტიას და კომკავშირს შეადარა თქვა, რომ არ არის მისი ადგილი ისეთ პოლიტიკურ პარტიაში, საიდანაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო რიცხავენ, თუმცა მოგვიანებით ამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნებიდან“ მოსალოდნელ გასვლას ბოლო კვირების განმავლობაშიც აანონსებს. ამ შემთხვევაში დეპუტატის პროტესტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება.

წყარო: Ipn.ge
Print