ახალი ამბები
იმის გამო,რომ ტექინსპექტირება არ გაუვლიათ 6 654 მძღოლი დაჯარიმდა
14 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაერთო, საერთო ჯამში, 6 654 ჯარიმა გამოიწერა - ამის შესახებ შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მიზანი იყო აღსრულების ეფექტიანობის გაზრდა. ხშირად იყო შემთხვევები და ამას საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმებიც აჩვენებდა, რომ უამრავ ავტომობილს ჰქონდა კანონით ვალდებულება, რომ ტექნიკური ინსპექტირება გაევლო, თუმცა ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მხრიდან გადამოწმების დროს მხოლოდ მათ ნაწილზე იწერებოდა ჯარიმა და ეს პროცესი ეფექტიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად საჭიროებდა.ბუნებრივია, ამ პროცესის მიზანი იყო, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაზრილიყო და ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად აქტიურად მიეყვანათ, რაც ფაქტობრივად, მიღწეულია. 14 იანვრის შემდეგ მიმართვიანობის მაჩვენებელი ფაქტობრივად, რამდენჯერმე გაიზარდა. მათ შორის გასამმაგდა, გაოთხმაგდა მიმართვიანობა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებიდან ჩვენს საინფორმაციო ბაზაში დღე-ღამის განმავლობაში თუ 600 ჩანაწერი მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად, გახუთმაგდა“ - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით ჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.


Print