ახალი ამბები
"აღმართეთ და გამოფინეთ დროშები" - ჰერალდიკის საბჭო
საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, ხვალ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.



"თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, როდესაც პოლიტიკურმა განვითარებამ შეიძინა მშვიდი მდგრადი ხასიათი, დგება დრო, რომ სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში.

მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა“, – ნათქვამია საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.

Print