ახალი ამბები
ბაკურიანში სეზონის გახსნა თოვლის მოსვლაზეა დამოკიდებული
დაბა ბაკურიანში სეზონი ჯერ არ გახსნილა და ისიც გაურკვეველია, როდის მიიღებს ზამთრის კურორტი დამსვენებელს.

„წელს ამინდმა გვიმტყუნა, თოვლი არ მოვიდა და შესაბამისად დამოკიდებული ვართ მეტეოროლოგიურ პირობებზე“
- ამბობს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ გამცემლიძე.

„რამდენიმე დღე ყინვამ მოგვცა საშუალება ხელოვნური თოვლი დაგვეყარა, მაგრამ დღის განმავლობაში მზემ თოვლი გაალღო. თუ ტემპერატურა დაეცემა და ყინვა შენარჩუნდება, მაშინ ხელოვნურ თოვლს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაველოდებით თოვლის მოსვლას“ -აცხადებს თამაზ გამცემლიძე

ბაკურიანში ზამთრის სეზონი ოფიციალურად კვირას, 22 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, ბორჯომის მერის წარმომადგენელი ბაკურიანში, გოჩა გობრონიძე გახსნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.

„22 დეკემბერს ვგეგმავდით სეზონის ოფიციალურ გახსნას, მაგრამ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება გადაიწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით თოვლი არ გვაქვს სასტუმროების დიდი ნაწილი მაინც დაჯავშნილია, დამსვენებელიც გვემატება, თოვლის მოსვლასთან ერთად ამუშავდება ყველა სათხილამურო ტრასა“ - ამბობს გოჩა გობრონიძე


Print