ახალი ამბები
მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება გადავადდება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება 2019 წლის იანვრიდან აღარ დაინერგება და აღნიშნული სისტემის ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადავადდება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტისათვის განსაზღვრული საგამოცდო მარშრუტების ნაწილზე უკვე დასრულებულია მუშაობა, თუმცა ნაწილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი.


პროექტისათვის განსაზღვრულია საგამოცდო მარშრუტები, რომლის ნაწილზეც უკვე დასრულებულია, ხოლო ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება”, - აცხადებენ უწყებაში.


როგორც ცნობილია, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარების პრაქტიკის დანერგვის სავარაუდო თარიღი რამდენჯერმე დასახელდა, თუმცა ყოველთვის გადავადდა. ბოლო ინფორმაციით, ახალი სისტემა 2019 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში - ქალაქის ქუჩებში ჩატარების პარალელურად, მისი ძველი სისტემით ჩაბარების ვალდებულებაც ექნებათ.
Print