Error
ახალი ამბები
მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს
კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მთავრობის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევის თაობაზე.

მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ იურიდიული თვალსაზრისით პროექტს გასაწვევი არაფერი სჭირდა და იურიდიულად გამართული იყო, მაგრამ რაკი საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას დათანხმდა.

ეს გადაწყვეტილება, შემიძლია გითხრათ, არჩევნებსაც უკავშირდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე. არჩევნებსაც უკავშირდება, შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ როდესაც ქალბატონი სალომე მის პოზიციასთან დაკავშირებით საუბრობდა, მან თავისი პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებით, რომელსაც ის საარჩევნო პროცესში რეგიონებსა თუ ქალაქებში ატარებდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ამას დავაკონკრეტებ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობას, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება არის ჩვენი პასუხისმგებლობით აღსავსე და ამან განაპირობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print