ახალი ამბები
ვალეში კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს
ვალეში, წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოსთან, კათოლიკური ლოცვის წიგნებს და ხატებს ცეცხლი წაუკიდეს. ფოტომასალას ადგილობრივი შოთა გიქოშვილი, სოციალური ქსელით ავრცელებს. მისი თქმით, დამწვარი სიწმინდეები 12 მარტს, საღამოს 18:00 საათზე აღმოაჩინა.

"ერთმა ნაცნობმა დამირეკა და მითხრა, რომ ვალეში, ერთ-ერთ პატარა სამლოცველოში, რომელიც გზის პირას დგას და იქ ინახება სხვადასხვა აღმსარებლობის ლოცვის წიგნები, ხატები, ჯვრები და ა.შ., რატომღაც კათოლიკური ლოცვის წიგნებს და ხატებს ეკლესიის წინ ცეცხლი ჰქნდა მოკიდებული.

არ მინდა ცუდად ვიფიქრო ვინმეზე, არ მინდა, რომ ვინმეს შევეხო, მაგრამ გამომდინარე რეალობიდან სხვა გზა არ მრჩება გარდა იმისა, რომ ვიფირო ამ საქმის ჩადენის მიზანმიმართულობაზე. მე ვეძებე დამწვარ წიგნებსა და ხატებში, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის ქართული და სომხური წიგნები და ხატები იყო დამწვარი. მე ვიტყვი, რომ ეს არის აშკარა ვანდალიზმი და ღია დისკრიმინაციაა", – წერს შოთა გიქოშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება ვალეს პოლიციამ სსკ–ის 166 მუხლით დაიწყო, რაც რელიგიური საქმიანობისათვის ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით, ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


წყარო: ტელეკომპანია მე-9-ე არხი
Print