ახალი ამბები
ბაკურიანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 48-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად დაბა ბაკურიანში გახსნა. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.
ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის ადგილზე ძველი ბიბლიოთეკის შენობა იყო განთავსებული, რომელიც 20 წელზე მეტია, ავარიულ მდგომარეობაში იყო და აღარ ფუნქციონირებდა, წიგნები არასათანადო პირობებში ინახებოდა, რაც მათ საფრთხეს უქმნიდა. საზოგადოებრივი ცენტრის აშენების შემდეგ მათ განადგურების საფრთხე აღარ ემუქრებათ. აქ უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელქტრონულ და ახალ წიგნებთან ერთად ძველი ბიბლიოთეკის ფონდიცაა დაცული.
ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის სერვისების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები. ასევე, გაიცემა სოციალური სააგენტოს სერვისები. ამავე შენობაში განთავსებულია უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვა.


Print