ახალი ამბები
ხანძრის ჩაქრობის პროცესში სამხედრო ძალა ჩაერთო
დადგა საჭიროება უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის გამოყვანის და მივიღე გადაწყვეტილება, სამუშაოებში ჩართულიყო საჯარისო ნაწილი - ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა. დღეს 1000-ზე მეტი სამხედრო შემოგვიერთდა - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან და დადგა იმის საჭიროება, რომ სამუშაოებში ორგანიზებული ცოცხალი ძალა ჩაერთოს.

ამასთან, პრემიერის თქმით, ის ძალები, რომლებიც სამუშაოებს აქამდე ახორციელებდნენ, მუშაობას კვლავ გააგრძელებენ. პრემიერმა შეაჯამა ასევე განვლილი დღეები და აღნიშნა, რომ დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციის გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა. ამ ეტაპისთვის, აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტში, როდესაც ჩვენს მიერ გაყვანილი გზებით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. დადგა საჭიროება უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის გამოყვანის, ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი - 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთ სარდლობიდან. ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას ისინი, ვინც აქამდე მუშაობდა", - აღნიშნა პრემიერმა.

Print