ახალი ამბები
რატომ ჩამოხსნეს ბორჯომში გინესის რეკორდსმენის გიორგი ტალახაძის ბანერი
გუშინ, 11 ოქტომბერს ბორჯომში, სოფელ ყვიბისის მიმდებარედ, ბორჯომელი სპორტსმენის და გინესის რეკორდსმენის გიორგი ტალახაძის ბანერი განათავსეს, რომელიც რამდენიმე საათში ჩამოხსნეს. რა გახდა ბანერის ჩამოხსნის მიზეზი ტელეკომპანია „ბორჯომი“ სპორტსმენს და ბორჯომის მერიას დაუკავშირდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით: „გიორგი ტალახაძის ბანერი ბორჯომში უნებართვოდ იყო განთავსებული. შესაბამისი ნებართვა მერიას არ გაუცია, რის გამოც ის მერიის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს. 3-4 დღეში მერია დაამზადებს ახალ ბანერს, სადაც ყველა სპონსორის დასახელება თანაბარი ზომის შრიფტით იქნება დატანილი“- აცხადებენ ბორჯომის მერიაში.





რაც შეეხება სპორტსმენს, გიორგი ტალახაძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის და ვინ გააკრა ბანერი არ იცის: „მე არ გამიკრავს, რეკლამა იყო, ყველამ დაინახა ზედ რაც ეხატა კომპანიები და რეკლამა გავაკეთე მათი, მაგრამ არც მე გამიკრავს, არც ჩემს ოჯახის წევრებს და არავის...

ერთადერთი რაც ვიცი, მერიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ უფრო კარგი ბანერი უნდა დავამზადოთ და გაგიკეთოთო.უფრო ლამაზი, ხარისხიანი.

ნებართვა არ ვიცი ნამდვილად, ჩამოხსნის მიზეზი არ მიკითხავს. ალბათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ არ უნდა ყოფილიყო. არ ვიცი.

ჩემი ვალია, რომ შედეგები გავაკეთო უმაღლეს ასპარეზზე და რაც შეიძლება მაღალი დონის შეჯიბრებებზე მივიღო მონაწილეობა. თუ ჩათვლის ვინმე საჭიროდ, შეუძლია გააკეთოს ან არ გააკეთოს. ეს ჩემი საქმე არ არის. მე არ ვერევი მსგავს საკითხებში“
- განაცხადა გიორგი ტალახაძე.

გუშინ გიორგი ტალახაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ბანერის განთავსების შემდეგ მადლობას იხდის.






Print