ახალი ამბები
რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინიმ მოაწერს.

ხელშეკრულების მთავარი მიზანი რეინჯერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა, რაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების 574 თანამშრომლისა და რეინჯერის 2019 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს.

ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერებს ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა. ისინი 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას. კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.
Print