ახალი ამბები
საკირეში გიორგი მღებრიშვილს ელოდებიან
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ბორჯომში, სოფელ საკირეში მიემგზავრება. გიორგი მღებრიშვილი ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს." - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ამ დროისთვის ხანძრის მთავარი კერები ლოკალიზებულია და საკირეში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს. საჭირო არ გახდა სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა, ხანძრის კერებამდე ვერ მივიდა სპეც. ტექნიკა.   ხანძრის ლოკალიზება ადამიანური რესურსით მოხდა.

შსს-მ  სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შეგახსენებთ, ცეცხლი საკირის ტყეში, გუშინ, 30 აპრილს, 6 საათისთვის გაჩნდა, რის შემდეგაც მოხდა რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მობილიზება. მეხანძრეები და მეტყევეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით მუშაობდნენ.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

Print