ახალი ამბები
კამპანია „აღადგინე ბორჯომის ტყე“ - დაბაში 10 000-მდე ნერგი დაირგო
კამპანიის „აღადგინე ბორჯომის ტყე“ ფარგლებში დღეს სოფელი დაბის ტერიტორიაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა 10 000-მდე ძირი ნერგი დარგეს.


დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ მოხალისეები, რომლებმაც უკვე შეიძინეს ნერგები კამპანიისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის საშუალებით. კამპანიას უკვე შეუერთდა 120 ქართული კომპანია და 1000–ზე მეტი ადამიანი. 

ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხის დარგვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვებ-გვერდზე – აღადგინე.გე მომხმარებელი თავად ირჩევს რამდენი ხის დარგვა სურს. ხის დარგვა შესაძლებელია როგორც კომპანიის, ისე კერძო პირის სახელით. მომხმარებელს საშუალება აქვს თვალი ადევნოს პროცესს და ყოველდღიურად ვებგვერდზე გადაამოწმოს, რამდენი ხე დაირგო და რამდენი დარჩა ტყის სრულად აღსადგენად.

ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2008 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად, 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად  განადგურდა. ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ტყის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებელია პროცესში ხელოვნური ჩარევა.



კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ხანძრისგან დაზიანებულ 250 ჰექტარზე 750 000 ხის დარგვა და ტყის სრული აღდგენა.


Print